,,ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს“

ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს?

ვინ მენავეა?                                         

იმისი ნავი სად დაცურავს ან სად აბია?

იგი ჩვენს ნავში როდის იჯდა?

და თუკი იჯდა,

თუ გარჯილა და ნავში წყალი თუ უხაპია

სად იყო მაშინ, როცა ხეზე ავიდა ფითრი?

რად მივაჩნივართ ყველა ბრიყვებად.

ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს?

ის ხომ არ არის,

მისი სიმძიმით ვინც უთუოდ მოიდრიკება?

თუ მატიანის ფოლიანტზე არ გაიჭყლიტა,

ო, ეკლის გვირგვინს იქნებ იგი ეპოტინება,

ვინც ხალხს ზვარაკად ვერასოდეს შეეწირება?

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს,

ვინც სხვებს ზევიდან

ისე დაჰყურებს, როგორც თაგუნებს?

ვისაც ჰგონია, რომ საქართველო

მისი რჩეული სიყვარულის ღირსია მხოლოდ

და გულზე ხელებს ვინც იბრაგუნებს?

მამულს თავისი სიყვარული რომ უწყალობა,

ჩვენ მადლობელნი უნდა ვიყოთ…

არა ჰყოლია

უფრო ერთგული შვილი მამულს და მას ეკუთვნის

მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის მონოპოლია.

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს, ვისი მახვილიც

უგუნურება და უმეცრება არის რეგვენთა?

ვისაც ჰგონია, რომ ამაგი არ დაუფასეს

და ვისაც უნდა მის გარშემო შექმნას ლეგენდა?

სად არის მისი აგებული სვეტიცხოველი?

თაყვანისცემით გაბერილმა პარანიოკმა

გულუბრყვილონი როგორ უნდა დაიმორჩილოს,

რომ განდიდების წყურვილი და ჟინი მოკლას?

ო, ნუთუ იგი იმ იმედით დაიარება,

რომ გაჩუმდება და არავინ არაფერს იტყვის?

ვინც არის_მეთქი მხოლოდ სახელს დახარბებული,

ის ხომ არ იდგამს წამებულის ეკლიან გვირგვინს?

ვინც ცდილობს ხალხი შეცდომაში რომ შეიყვანოს?

ვით შეიფერებს ეკლის გვირგვინს თავი სახედრის?

ამ ქვეყანაზე თავის ფუსფუსს,

 თავის ღოღიალს,

თავის უბადრუკ არსებობას რატომ გვაყვედრის?

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს, ვინც ქვეყანაზე

დაბადებული არის მლიქვნელად?

საითაც ქარი დაუბერავს, ვინც მხოლოდ იქით

გადაყვლეფილი სინიდისით გადიზნიქება?

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს, ვინც კაცს გულგრილად

გულს უხეთქავს და მერე უხდის საკადრის ქელეხს?

ო, ეკლის გვირგვინს ვისი ხელი ეპოტინება,

რა უნდა მასთან ანგარებით დაკრუნჩხულ ხელებს?

ო, ვინც განცხრომას ვერასოდეს ვერ შეელევა,

ტანჯვა არ იცის და ერთობა სხვებზე ქირქილით,

ის ხომ არ არის?

დააკვირდით…

ვის უნდა თავი,

 რომ დაიმშვენოს წამებულის ეკლის გვირგვინით?..

(გივი გეგეჭკორი)

წყევლის ბალადა

ისე დაემხოს ვერც კი იაზროს,
როგორც ტროაზე მაქვს განაგონი,
ან თავის გზაზე, როგორც იაზონს,
ცეცხლისმფრქვეველი შეხვდეს დრაკონი,
ჯდეს დედალოსის კოშკში და ვარამს
ხარშავდეს გულში, მზის ვერმნახველი,
ცოცხლად აშმორდეს, იობის დარად,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.

აბესალომებრ, თმით დაეკიდოს,
სენ-ვიქტორივით შეეკრათ ძალით,
ორ დოლაბს შორის გადაეხიდოთ
და ღარისათვის მიეშვათ წყალი,
ვით ნაბუქოდო, პირდახოკილი
დაძრწოდეს, კლავდეს უტყვი ნაღველი,
წვებს დასკდომოდეს, სიმონ მოგვივით,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.

ტყვეს, თურქთა უღლის ეგრძნოს სიამე,
ტანტალოსივით იტანდეს შიმშილს,
და, როგორც როსმე ოტოვიანეს,
მისსივე განძი ჩაასხან პირში,
ვენუსს ედაღოს ჟინით მდაბალით,
მარსს აღემართოს მასზე მახვილი,
მოესრათ, როგორც სარდანაპალი,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.

პრინცო, ერთ სანთელს ნურვინ მიუტანს,
წყევლად გარდათქვან მისი სახელი,
წარხდეს და წაწყდეს, როგორც იუდა,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.

ფრანსუა ვიიონი(თარგმანი დავით წერედიანისა)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s